ე.წ. ოდეერი

TI: შსს ე.წ. ოდეერების სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში გამწესებას განაგრძობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. ოდეერების სიას აქვეყნებს. სიაში მოხვდნენ: ზაზა მაზმიშვილი, ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მალუძე.

TI-ს ცნობით, ზაზა მაზმიშვილის მიერ 2014 წელს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციით, ის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციასთან ერთად, კვლავ შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსია.

„ზაზა მაზმიშვილი, რომელსაც თანამშრომლები „გენერალს“ ეძახიან, დღესაც მუშაობს კომუნიკაციების კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ის კვლავ განაგრძობს თანამშრომელთა გამოკითხვას მათი საქმიანობის შესახებ და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას“, - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო და აღნიშნავს, რომ მაზმიშვილის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარშიც გამოაქვეყნა.

"კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაზმიშვილმა კომისიაში მუშაობა 2013 წლის 1 მაისს დაიწყო, ხოლო 2013 წლის 14 მაისს შევსებული ქონებრივ დეკლარაციაში მაზმიშვილი მიუთითებს, რომ ის სამმართველოს უფროსია. ამ შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნული მანკიერი პრაქტიკისა, რომელიც ხელყოფს კომისიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპს, ირღვევა კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს, რომელიც მოიცავს სამმართველოს უფროსებსაც, უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში და ა.შ.“, – აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში ვლადიმერ ბუნტურიძეც იმავე სამმართველოში მუშაობდა, სადაც ზაზა მაზმიშვილი. ბუნტურიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციით, მან 2013 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური: მუშაობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაცვის უფროსად, იკავებდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციას. ბოლო მონაცემებით კი, ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

"ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიაში ფარული მიყურადების ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. ვლადიმერ ბუნტურიძის სახელი ფიგურირებდა ასევე ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი მიიღო“, - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

რაც შეეხება მესამე ე.წ. ოდეერს ზაზა მალუძეს, TI-ს ინფორმაციით, ის 2013 წლის 14 მარტს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციით, ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ორგანიზაციის ცნობით, ამავე წლის მარტში ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურატურისა და ფინანსური პოლიციიის მაღალჩინოსნები ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ.

"შოშიაშვილმა იმ პირებს შორის რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ პროკურორი ზაზა მალუძე დაასახელა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეს პირი ისევ შსს-ს თანამშრომელია. ჯამპსტარტ ჯორჯიას ვებგვერდის მიხედვით, რომელზეც საარჩევნო სიის მონაცემებია დამუშავებული (mashasada.me), საქართველოში მხოლოდ ერთი სრულწლოვანი ზაზა მალუძე არის რეგისტრირებული და ის 1965 წელს დაიბადა. ზაზა მალუძის ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ იგი 1965 წელსაა დაბადებული. 2005 წელს მალუძეს შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს. აქვე მითითებულია, რომ ის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი იყო. ეს არის ზაზა მალუძის ერთადერთი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯარო სამსახურის ვებგვერდზე იძებნება“, - აცხადებს საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის №337 დადგენილების თანახმად, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება დამტკიცდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში დანიშნოს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები.

"თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა არსებობა სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უკვე დიდი ხანია, უარი თქვეს პოლიციის მიერ სამოქალაქო, მედია თუ მარეგულირებელი ორგანიზაციების კონტროლზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომლებიც რეალურად ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს ექვემდებარებიან და აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციის მმართველობაში", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.

კომენტარები