მსოფლიო ეკონომიკა

აშშ-მ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის პოზიცია ჩინეთს დაუთმო

REUTERS

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიცია ჩინეთის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიკავა. საერთაშორისო მონატარული ფონდის მონაცემებით, ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა $17.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი კი $17.4 ტრილიონია.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რომელიმე სხვა ქვეყანა ართმევს ყველაზე დიდი ეკონომიკის წოდებას.

IMF ანგარიში ეკონომიკას მსყიდველობითი უნარის მიხედვით აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ ისევ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. IMF ქვეყნების შეფასებისას იყენებს სპეციალურ გათანაბრების მეთოდს ანუ PPP-ს. გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა. ამ გათანაბრების შემდეგ ჩინეთის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც $10,5 ტრილიონს შეადგენს, $17 ტრილიონამდე გაიზარდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთში საშუალოდ პროდუქცია და მომსახურება 40%-ით უფრო იაფია, ვიდრე ამერიკაში. IMF ამ სხვაობას PPP-ს მეშვეობით ათანაბრებს, რის შემდეგაც ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტი $17,6 ტრილიონი გახდა.

აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი $7 ტრილიონით აღემატება ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მოცულობას, მაგრამ IMF ქვეყნებს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით არ აფასებს, ის ქვეყნებს შორის არსებულ ვალუტის სხვაობებს PPP-ს მეშვეობით ათანაბრებს. PPP-ს გამარტივებული ვერსია ეგრეთ წოდებული Big Mac-ის ინდექსია, რომელიც სხვადასხვა ვალუტას შორის არსებულ მიმართებას ასახავს. 

ჩინეთში დასაქმებული გაცილებით ნაკლებ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ამერიკელი დასაქმებული, მაგრამ ჩინელს ადგილობრივ ბაზარზე საშუალოდ უფრო იაფად შეუძლია საქონლისა და მომსახურების ყიდვა, ვიდრე ამერიკელს. გათანაბრების მექანიზმი ითვალისწინებს არა თავად ვალუტის ნომინალურ მდგომარეობას, არამედ ამ ვალუტის მეშვეობით მიღებულ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას, რომელთა ზუსტი კრიტერიუმებით შეფასების შემდეგ შესაძლოა იმის დადგენა, თუ ერთი ვალუტა მეორესთან რა მიმართებაშია.

მართალია აშშ-ის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი $7 ტრილიონით აღემატება ჩინეთის მთლიან შიდა პროდუქტს, მაგრამ უახლოეს ათწლეულში ნავარაუდევია, რომ ჩინეთი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვითაც პირველი ეკონომიკის პოზიციას დაიკავებს.

კომენტარები