მსოფლიო ეკონომიკა

OECD: მსოფლიო ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს შემცირდება

AP Photo/Mark Schiefelbein

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის OECD შეფასებით, 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევების მიმართ მედეგობის მიუხედავად, მომდევნო წელს კონფლიქტებისა და მზარდი ინფლაციის პირობებში, ეკონომიკის ზრდა შემცირდება. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკა მოსალოდნელი 2.9%-ის ნაცვლად 2.7%-მდე შემცირდება და მისი ნიშნული პანდემიისშემდგომი პერიოდის მანძილზე ყველაზე დაბალი იქნება. 

ორგანიზაციის შეფასება მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკების ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 1.5% იქნება, მაშინ, როცა 2023 წელს ის 2.4%-ით გაიზარდა. ამას თან ერთვის ფედერალური რეზერვის მიერ ინფლაციის საკონტროლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც, რომელმაც ფული სესხება მომხმარებლებისთვისა და ბიზნესისთვის გააძვირა. OECD-ის პროგნოზით, 2024 წელს ინფლაციის მაჩვენებელი აშშ-ში 3.9%-დან 2.8%-მდე შემცირდება, თუმცა ის მაინც გადააჭარბებს ფედერალური რეზერვის მიერ განსაზღვრულ 2%-ს. 

რაც შეეხება ჩინეთის ეკონომიკას, უძრავი ქონების კრიზისის, მზარდი უმუშევრობის პირობებსა და ექსპორტის შემცირების პირობებში მისი ზრდა 4.7%-მდე შემცირდება. მოსალოდნელია მომხმარებელთა ზრდის შემცირებაც, რაც პრევენციული დანაზოგების ზრდითა და ბუნდოვანი შრომის ბაზრითაა გამოწვეული – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმ ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასაც, სადაც ოფიციალური ვალუტა ევროა. საპროცენტო განაკვეთებსა და ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება, ევროზონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.9%-მდე დაწია. 

თავის ანგარიშში ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ ჰამასი-ისრაელის ომი ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მისი რეგიონალურ დაპირისპირებაში გადაზრდა დააზარალებს ენერგეტიკულ ბაზარს და ენერგომატარებლების სავაჭრო მარშრუტებს. 

2020 წლის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იქონია გავლენა, მათ შორისაა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ინფლაცია, ხოლო შემდგომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რასაც ფედერალური რეზერვისა და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ ინფლაციის საკონტროლოდ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვა.

კომენტარები