საავტომობილო გზა რუსეთთან

იმერლიშვილი: იმისთვის, რომ თავს დაგვესხას, რუსეთს ახალი გზა არ სჭირდება

financial.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაღესტნის გავლით რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მშენებლობაში საფრთხეს ვერ ხედავს. ის მიიჩნევს, რომ სხვის ტერიტოორიაზე რაიმე სახის პროექტის მშენებლობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები არც უნდა ყოფილიყო.

"საფრთხე რუსეთისგან ცხადია, არის, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ ეს გზა რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ თავს დაესხას ჩვენს ტერიტორიებს, მე ვამბობ, რომ უფრო მარტივად შეუძლია, რადგან სამხედრო ძალები მას ჰყავს ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც აქვს ოკუპირებული", - აცხადებს იმერლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები