მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

იუბილარი ფესტივალი თელავში

11 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რომელიც იუბილარია - მას დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა. მისი არსებობა სახელგანთქმული პიანისტის - ელისო ვირსალაძის სახელს უკავშირდება.

ფესტივალი, რომლის დევიზია „ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას“, კლასიკური მუსიკის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ასეთი ფესტივალის დედაქალაქისგან მოშორებით ორგანიზება კულტურის დეცენტრალიზაციის თვალსაზრისითაც მნივნელოვანია. მისი ისტორია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ელისო ვირსალაძემ დააარსა ფესტივალი „ქება ვაზისა“, რომელმაც არსებობა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა. განახლებული სახით ფესტივალი მხოლოდ 2010 წელს, პიანისტისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აღდგა. 

წლევანდელ პროგრამას ტრადიციულად მასპინძლობს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 14, 16 და 18 ოქტომბერს მსმენელს საშუალება ეძლევა მოისმინოს მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება, მათ შორის: იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებები, იოჰანეს ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (რე მაჟორი, თხზ.77), იოზეფ ჰაიდნის მარშები, არნოლდ შონბერგის Eiserne Brigade, ბოჰუსლავ მარტინუს La Revue de Cuisine, იოჰან ნეპომუკ ჰუმელის სამხედრო სეპტეტი, რიჰარდ შტრაუსის დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის სიმებიანი ორკესტრის თანხლებით, რობერტ შუმანის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (ლა მინორი, თხზ.129), ედვარდ გრიგის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (ლა მინორი, თხზ.16). 


ფესტივალში მონაწილეობს საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს უძღვება ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი.

უცხოელ და ქართველ სოლისტებთან ერთად, 16 და 18 ოქტომბერს მაყურებლისთვის დაუკრავს თავად ელისო ვირსალაძე, ვიზეც აღიარებული პიანისტი სვიატოსლავ რიხტერი წერდა: „ელისო გამორჩეული ხელოვანია, ჩვენი დროის უდიდესი პიანისტი ქალი. იგი სერიოზული, ღრმა, გულწრფელი და სადა მუსიკოსია... შუმანის მისეული ინტერპრეტაცია საუკეთესოა“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფესტივალის გვერდი, ხოლო ბილეთების შესაძენად მიმართეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის დრამატული თეატრის სალაროებს.

კომენტარები