საავტომობილო გზა რუსეთთან

მმართველი გუნდის განსხვავებული პოზიციები ავარეთ-კახეთის გზის შესახებ

დაღესტნის გავლით რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტის მიმართ საქართველოში განსხვავებული პოზიციები აქვთ. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნულ პროექტს ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივად განიხილავს და თვლის, რომ ეს გზა საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას შეფასებით კი, რუსული ოკუპაციის პირობებში ავარეთ-კახეთის გზა კითხვებს ბადებს.

რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან შეუთანხმებლად რომ დაიწყო, ამას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ამ პროექტის განხილვა არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დაგეგმილა.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები