Landmine Goes Click

ქართული კინო "დიდი აფეთქების" მოლოდინში

0 კომენტარი

Landmine Goes Click („ნაღმი“) ფილმ „ფარენჰეიტი 247“-ის შემდეგ “სარკე სტუდიის“ მეორე დამოუკიდებელი კინოპროექტია.

„ნაღმი“ სამი ამერიკელის ისტორიას მოგვითხრობს. კრისი, დანიელი და ალისია ლაშქრობაში მიდიან, სადაც ერთ-ერთი მათგანი, კრისი, ფეხს ნაღმს დაადგამს. სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. კრისს განძრევა არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაღმი აფეთქდება. დახმარების მოლოდინში მყოფ მეგობრებთან ქართველი მონადირე ილია გამოჩნდება და ფილმში „დამონტაჟებული ბომბიც აქტიურდება“ - იდუმალი პერსონაჟის ზრახვები ტურისტებისთვის უცნობია და მაყურებელიც ყველაფერს მხოლოდ ფილმის ნახვისას შეიტყობს.

ფილმში მთავარ როლებს ქართველი და უცხოელი მსახიობები - სტერლინგ ნაითი, კოტე თოლორდავა, სპენსერ ლოქი, ელენე ბეზარაშვილი, დეინ გაიგერი, გიორგი ცაავა და ნანა კიკნაძე ასრულებენ. ნამუშევრის შექმნა 700 000 დოლარი დაჯდა.

 „ნაღმი“ რეჟისორ ლევან ბახიასა და „სარკე სტუდიის“ ამბიციური კინოპროექტია. რომელსაც, შემქმნელების აზრით, აქვს პოტენციალი, როგორც კომერციული ასევე არტჰაუს კინოს მოყვარულები დააკმაყოფილოს. ისინი ფილმის სანდენსის კინოფესტივალზე გაგზავნასაც აპირებენ, რომელიც აშშ-ში უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული დამოუკიდებელი კინოფესტივალია.

საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებული იყო „ფარენჰეიტი 247“, რომელმაც შემქმნელებს კომერციულ მოგებასთან ერთად რამდენიმე ფესტივალის ჯილდოც მოუტანა. „სარკე სტუდია“ კი ოსკაროსანი რეჟისორის მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმის „ძიება“ (The Search) კოპროდიუსერია - ამ ყველაფრის ფონზე „ნაღმის“ წარმატების შანსი კიდევ უფრო იზრდება.

ქართულ კინოში ბოლო წლებია ძვრები დაიწყო. ადგილობრივი პროდუქცია საკმაოდ ხშირად საერთაშორისო ფესტივალების სტუმარია, თუმცა ეროვნულ კინოს დიდი აფეთქება სჭირდება, „სარკე სტუდიაში“ კი მიაჩნიათ, რომ „ნაღმის გააქტიურებით“ ამას შეძლებენ. 

Landmine Goes Click თბილისის კინოთეატრებში 23 ოქტომბერს გამოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები