საავტომობილო გზა რუსეთთან

დოლიძე: თუ მაგისტრალი რეგიონულ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას წაადგება, მივესალმები

დაღესტან-კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ თუ ახალი მაგისტრალი რეგიონულ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას წაადგება, მისი მშენებლობა მისასალმებელია.

"თუ ახალი მაგისტრალი რეგიონალურ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას ხელს შეუწყობს, მსგავს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთი ჩვენ არ გვეკითხება, ჩრდილო კავკასიაში რას ააშენებს, ეს მათი ხელისუფლების საქმეა. ზოგადად კი, ირანი იქნება, დასავლეთ ევროპა თუ რუსეთი, მსგავსი კომუნიკაცია ქვეყნების ურთიერთობებს ხელს უწყობს. თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია", - აღნიშა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები