რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: მთავრობამ ქვეყნის მომავალზე თავის მავნებლურ ხედვას უნდა გადახედოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "მთლიანად გადასახედია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ის მავნებლური კონცეფცია, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის". მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ ქმნის ნორმალური ვითარების ყალბ განცდას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქართული საზოგადოების შიგნით. ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი ფორმატის არსებობა-არარსებობის საკითხი. 

"ანუ თავს ვიტყუებთ და საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს ვატყუებთ. უნდა გადაიხედოს, ის აბსურდული ბოდვა, რაც გვესმის, რომ თურმე წარმატებას აქვს ადგილი, დაალაგეს ურთიერთობა და შესაძლებელია წინსვლა ისე, რომ პუტინი იყოს კონსტრუქციული პარტნიორი, რითაც რეალურად თავს ვისუსტებთ და იტყუებთ. ფუნდამენტურად ამის გადახედვა უნდა მოხდეს და ამ კონცეფციის ნაწილია, ქვეყნის შიგნითაც, ხელისუფლების მხრიდან იმის კეთებაზე გადასვლა, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია და არა - პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და იმ პოლიტიკურ შიზოფრენიაზე, რაც ამ ბოლო დროს გვესმის, რაღაც გადატრიალებასა და ყველა საკითხზე ოპოზიციისკენ ხელის გაშვერაზე. ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი ფორმატის არსებობა-არარსებობა. იმ ხალხს, ვინც ხელისუფლების სხვადასხვა შტოშია, უნდა მოვუწოდოთ,  რომ ამ მიმართულებით მოეგონ გონს და მთლიანად გადახედონ თავიანთ მცდარ და მავნებლურ ხედვას ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს" - აცხადებს ბოკერია.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტის საკითხზეც, "ხელისუფლების პოლიტიკა არის არამხოლოდ არაადეკვატური, არამედ საზიანო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის". მისი თქმით, ეს უნდა გადაიხედოს და ამის ნაწილი აბაშიძე-კაარსინის ფორმატის გადახედვად არის.

"რომელსაც არათუ არაფერი არ მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ გამოიყენება როგორც მინიმუმ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დე იურე ანექსიისკენ.

"ჩვენთვის ცნობილი იყო დიდი ხანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სტრუქტურები არის მარიონეტული სტრუქტურბი და ახლა ამის გაფორმება ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ცხინვალში უფრო ადვილია, აფხაზეთში უფრო ფრთხილად აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ. და სწორედ ამ პოლიტიკის პირობებში, აქაც თავის მოტყუება იმით, რომ "ჩვენ ამათ მარიონეტებს არ ვუწოდებთ" და მთელი ევროპის გასაგონად ვთქვათ, რომ "დიალოგი დავამთავრეთ" და თითქოს სადღაც მივიწევთ, არის ხელისშეწყობა იმ კონცეფციის, რაც აქვს რუსეთს -  თან აკონტროლებს ვითარებას და დე იურე ანექსიას ახორციელებს, თან  საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს თქვას, რომ "ჩვენ მხარე არ ვართ". ირიბად ამას ჩვენი ახალი ხელისუფლებაც უწყობს ხელს, როცა იძახის, რომ გამოსავალი და გასაღები არის დიალოგში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგიც საჭიროა და ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი წარსულის ჭრილობების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის პრობლემის აბსოლუტურად განსხვავებული სიბრტყე  და პირველი პრობლემა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გვაქვს, არის რუსეთის როლი. ყველა მცდელობა, რომ პირველი პრობლემა გადაფარო მეორით, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სწორედ ამას ცდილობდა კრემლი მთელი ამ წლების განმავლობაში" - აცხადებს გიგა ბოკერია.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა. საერთო დაჯგუფებას რუსეთი დააფინანსებს და მისი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი, აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. 

კომენტარები