დავით უსუფაშვილის სტატია

International NYT: დავით უსუფაშვილის სტატია ფასიანი რეკლამაა

0 კომენტარი

საქართველოს მთავრობამ International New York Times-ში ფასიანი რეკლამა განათავსა. ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გუშინ, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია ფასიანი რეკლამაა, ტაბულას International New York Times-ის რედაქტორმა, საშა პოლაკოვ-სურანსკიმ დაუდასტურა. ტექსტში უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს აქებს და პოლიტიკურ ოპოზიციას აკრიტიკებს.

სტატიის ბოლოს ვკითხულობთ: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქართულ ონლაინგამოცემას agenda.ge-ს. ასევე მითითებულია საქართველოს მთავრობის კანცელარიის სატელეფონო ნომერი და agenda.ge-ს მეილი.

ტაბულა დაინტერესდა, თუ როგორ აღმოჩნდა სტატია საერთაშორისო გამოცემაში და დაუკავშირდა agenda.ge-ს მთავარ რედაქტორს ნატა ამაღლობელს. კითხვაზე, ნაყიდი იყო გვერდი თუ ოპ-ედს წარმოადგენდა, ამაღლობელმა ტაბულას უპასუხა, რომ სტატიაში ფული არ იყო გადახდილი, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ეს კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენდა.

ვებგვერდი agenda.ge 2013 წლის 11 დეკემბერს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. ის ინგლისურენოვანი სამთავრობო საინფორმაციო პორტალია. მთავრობის კანცელარიის პირდაპირ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და დამოუკიდებელი სამართლებრივი ფორმა არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში უსუფაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს.

“ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფინანსები სამშობლოს მიუძღვნა. მისდევს შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას. მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი სიცოცხლე მსგავსად რიგითი ჯარისკაცისა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურება. იმ წლების რაოდენობა, რომელიც მან თავის ქვეყანაზე ზრუნვაში გაატარა, ბევრად მეტია, ვიდრე პუტინისა და სააკაშვილის ერთად აღებული”, - ვკითხულობთ სტატიაში. 

უსუფაშვილი წერს, რომ შიში, რომელშიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს სააკაშვილის საქმის უკანონოდ წარმართვასთან დაკავშირებით გააჩნიათ, იმის ბრალია, რომ ყურადღებით არ აკვირდებიან განვითარების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები