კრიმინალი

შსს: პოლიციამ მაკა წივწივაძის ორივე მომართვაზე მოახდინა რეაგირება

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მაკა წივწივაძის ახლობლების ინფორმაციას, რომ პოლიციამ მის არცერთ მიმართვაზე რეაგირება არ მოახდინა. როგორც შსს-ში ტაბულას განუცხადეს, წივწივაძემ ყოფილი ქმრის მუქარის შესახებ პოლიციას ორჯერ აცნობა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება. ცნობისთვის, გარდაცვლილი ლექტორის დედის განმარტებით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, "რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა". პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს გარდაცვლილი ლექტორის სხვა ახლბლებმაც. მათი თქმით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათივე ინფორმაციით, წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა პატრულს, ლაშა მაღრაძის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო.

"მარიამ წივწივაძემ ორჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ორივე შემთხვევაში მოხდა რეაგირება. პირველად მიმართა რუსთავის განყოფილებას, 22 სექტემბერს და განაცხადა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პოლიციამ მოახდინა რეაგირება და შეადგინა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან, ლაშა მაღრაძესთან. მარიამ წივწივაძე ამბობდა, რომ სურდა, მის მეუღლეს თავი დაენებებინა, აღარ მიეკითხა და აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვდა შემაკავებელი ორდერის გაცემას. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ პირობა დადო გასაუბრების ოქმში, რომ მეუღლეს აღარ მიაყენებდა შეურაცხყოფას და მოუხდიდა ბოდიშს. შემდგომ, 26 სექტემბერს მარიამ წივწივაძემ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს პირველ განყოფილებას და თქვა, რომ ყოფილი მეუღლე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. 29 სექტემბერს ლაშა მაღრაძე დაიბარეს პოლიციაში და გააფრთხილეს, რომ თუ ყოფილი მეუღლეს კვლავ შეაწუხებდა, პასუხს აგებდა კანონის შესაბამისად. ამის შემდეგ, მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მოუმართავს", - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

ლექტორი, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის დერეფანში ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლს დღეს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. მაკა წივწივაძე, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი იყო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე წივწივაძის გარდაცვალების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა საავადმყოფოს წარმომადგენლის განმარტებით, მაკა წივწივაძეს ოპერაცია უტარდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა და დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სტუდენტების თქმით, მაკა წივწივაძეს ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, რის გამოც მას აეროზოლი ჰქონდა თან. 

კომენტარები