ქალებზე ძალადობა

პრეზიდენტი: ქადაგებებში, კონფესიები ქალებზე ძალადობის პრობლემას გაააქტიურებენ

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

პრეზიდენტის ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სასულიერო პირებიც შევლენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, 2015 წელი ქალის წლად გამოცხადდება. დღევანდელ განხილვას საქართველოს პირველი ლედიც ესწრებოდა.

"ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე, სამწუხაროდ, ტენდენციად ჩამოყალიბდა ჩვენს საზოგადოებაში და ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომელიც ყველას ერთად გვტკივა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. იყო იდეა, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად, როდესაც ამ ძალიან მძიმე პრობლემას დავუპირისპირდებით ერთობლივად. მაგრამ იყო მყისიერი პასუხიც - ერთი მხრივ, მე ჩემს რიტორიკაში, სადაც შევძლებ, ყოველთვის ხაზს გავუსვამ ამ პრობლემას, ისინი კი, მე ასეთი განცდა გამიჩნდა, რომ თავის ქადაგებებში ყველა რელიგიური კონფესია გაააქტიურებს ამ საკითხს. გარდა ამისა, ჩვენ ავიღეთ ის წილი პასუხისმგებლობა, რაც სახელწიფოს გააჩნია, მაგრამ გავიაზრეთ, რომ მარტო სახლმწიფო ამას ვერ დაძლევს და გვჭირდება ერთად დგომა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„საკმაოდ საინტერესო წინადადებები გაჟღერდა, ოღონდ ჯერ არ არის კონკრეტიკაში მოყვანილი. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო. მარტო აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ იქნება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

პირველი ლედის აზრით, ქალთა საკითხების მოგვარებაში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. მაკა ჩიჩუამ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წელს 23 ქალი მოკლეს და კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოვლად არაადეკვატურ განცხადებებს ავრცელებენ და ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის არაფერი კეთდება.

კომენტარები