ბლოგი

ჟამი ძალადობისა

ყოველი ცალკეული აქტი ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობისა, რომლის მომსწრენი ვხვდებით,  უნიკალური ადამიანური ტრაგედიაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობა, რომელიც განსაკუთრებით რეზონანსული სწორედ მისი ადგილის გამო გახდა, „ვნების დანაშაული“ ჩანს: ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში მომხდარა და კიდევ მოხდება.

მაგრამ აქ გვაქვს არა ცალკეული დანაშაულებრივი აქტები, არამედ ტენდენცია: მას სოციალური ეპიდემია შეიძლება ვუწოდოთ. სოციალურ ეპიდემიას კი პრინციპულად სხვაგვარად უნდა მივუდგეთ, ვიდრე დანგრეული სიყვარულის ცალკეულ დრამას. მას სჭირდება არა მხოლოდ მორალური დაგმობა (თუმცა მორალური სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანია: დამნაშავე ყოველთვის თავდამსხმელია და არა მსხვერპლი), არამედ ახსნა და ადეკვატური პასუხი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე.

ეპიდემიის სათავეში არც მსხვერპლი ქალები არიან და არც მკვლელი კაცები. მთავარია ისინი, ვინც ასეთ ძალადობას ნაწილობრივ მაინც ამართლებს: „კარგი ქალი თავის კაცს თავს არ აცემინებს და არ მოაკვლევინებს“. ამ ლოგიკით, პირიქით, მოძალადე კაცია მსხვერპლი: შელახული მამაკაცური ღირსების დასაცავად საკუთარი თავისუფლების ან სიცოცხლის გაწირვა უხდება. აქედან მოდის ძალადობის ლეგიტიმაცია: სწორედ ისაა ყველაფრის საფუძველი. რაკი ასეთი გამართლება ხშირად (მეჩვენება - უფრო ხშირად) ქალებისგან მოდის, პრობლემა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე აღარ დაიყვანება. რადგან ასეთი ქალები პარლამენტშიც არიან, ძალადობის ლეგიტიმაციაში სახელმწიფოც მონაწილეობს.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ახსნა უნდა სცემდეს პასუხს არა მხოლოდ კითხვას: „რატომ ხდება ეს?“, არამედ: „რატომ ხდება ეს ახლა“? ამიტომ სრულიად არასაკმარისია ზოგადი მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება პატრიარქალურია, ბიჭებს „მაჩოისტურ“ იდეალებზე ზრდიან, განათლების სისტემა ქალის პატივისცემას და თანასწორობას არ ასწავლის და ა. შ. თუ ეს ყველაფერი ასეა, ეს ძალიან დიდი ხანია ასე, ამიტომ ვერ ხსნის დღევანდელ ეპიდემიას.

კონკრეტული პასუხი ორგვარი შეიძლება იყოს: სოციოლოგიური და პოლიტიკური.  პირველი ჩამოაყალიბა გიგა ზედანიამ თავის ბლოგში „ფემიციდი“ და მისგან არსებითად განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩემებურად შევაჯამებ. ჩვენი საზოგადოება სინამდვილეში აღარაა კონსერვატული და პატრიარქალური, კერძოდ, ქალების დიდი ნაწილი აღარ იქცევა ისე, როგორც ტრადიციული საზოგადოება მათგან ელის. ეს ცვლილება ერთ და ორ წელიწადში არ მომხდარა, მაგრამ ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა. ამავე დროს, საზოგადოების დიდ ნაწილს (ქალსაც და კაცსაც) არ მიუღია ქალების ეს „გათამამება“ ნორმალურ და შეუქცევად ცვლილებად, მას აქვს იმედი, რომ ამას კიდევ შეიძლება „ეშველოს“ და პროცესის შექცევას ცდილობს. ეს ტიპიური პრობლემაა გარდამავალი საზოგადოებისა, რომელიც სოციალური კოდების შეცვლის პროცესშია.

ეს ასეა, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის. ძალადობა პირველ რიგში სახელმწიფოს საქმეა, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა მოგონილი. ამიტომ პასუხი კითხვაზე: „რატომ სწორედ ახლა?“ პოლიტიკური (თუ „პოლიტიზებული“) უნდა იყოს. აქ მთავარი ის არ არის, რომ მასობრივი ამნისტიის და პოლიციის დასუსტების შემდეგ კრიმინალი გაიზარდა, ხოლო კონკრეტულად ილიას უნივერსიტეტში მკვლელობა სწორედ ამნისტირებულმა პატიმარმა ჩაიდინა. ვერც იმის თქმას დავჯერდებით, რომ პოლიციამ სერიოზულად არ მიიღო მოკლული მარიკა წივწივაძის თხოვნები, დაეცვა ის ნაქმარევი მოძალადისგან. ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ მან შეიძლება ნაწილობრივ აგვიხსნას კონკრეტული მკვლელობა და არა სოციალური ეპიდემია. მართლაც შეუძლებელია, პოლიციამ დროზე გააჩეროს ყველა გადარეულოი მამაკაცი, რომელიც, რაიმე მიზეზით, ცოლს ან შეყვარებულს (დღევანდელს ან ყოფილს) გაუბრაზდება და მოკვლას მოუნდომებს.  

უფრო ზოგადი (თუმცა პოლიტიკურად სრულიად კონრეტული) პრობლემაა სახელმწიფო ძალადობის სოციალური ძალადობით ჩანაცვლება. აქ ნაწილობრივ მომიწევს საკუთარი ძველი სტატიის გამეორება, რომელიც 17 მაისის ცნობილი დარბევის გამო დავწერე - რადგან აქ იმავე ფენომენის სხვა გამოვლენას ვხედავ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „საზოგადოებამ“ (აქ და ყველაგან იგულისხმება მისი კულტურული მეინსტრიმი) „ამოისუნთქმა“, ანუ თავი სახელმწიფოს „რეპრესიული წნეხისგან“ განთავისუფლებულად იგრძნო. მაგრამ ამ „ამოსუნთქვამ“ მოიტანა არა ძალადობის შემცირება, არამედ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ნაწილობრივი ჩანაცვლება სოციალური ძალადობით. საზოგადოების „განთავისუფლება“  ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავად განახორციელოს ლეგიტიმური ძალადობა, ანუ კულტურულმა მეინსტრიმმა თავად დასაჯოს ის, ვინც დასჯის ღირსად მიაჩნია: გაბატონებული რელიგიის ოპონენტი, „პიდარასტი“,ზედმეტად გათამამებული ქალი, პოლიტიკური ოპოზიციონერი და ა. შ. (სწორედ ამას ვეძახი „სოციალურ ძალადობას“: ის გაბატონებული სოციალური ღირებულებებითაა ლეგიტიმირებული). ბოლო ხანებში ყველა ამ ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის აღზევებას და, ამავე დროს, მისი გამართლების მცდელობას ვხედავთ. რაა ის საზოგადოება, რომელიც საკუთარ ბოზებს და პიდარასტებს თავის ადგილს არ მიუჩენს?

ამიტომ აქ საქმე გვაქვს არა უბრალო კონსერვატულ რეაქციასთან კულტურული მოდერნიზაციის წინააღმდეგ, რაც მრავალ ქვეყანას გამოუვლია. ეს რეაქცია პოლიტიზებულია, რადგან საქართველოში კულტურული მოდერნიზაცია და, შესაბამისად, „ეროვნული ფასეულობების რღევა“ (კაცების გაპიდარასტრება, ქალების გაბოზება, ეკლესიის მტრების გათამამება და ა. შ.) საზოგადოებრივ აღქმაში დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და მისი მმართველობის პერიოდს. ამ ძალის დამარცხება ავტომატური სიგნალია ძალადობისკენ როგორც ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების, ისე მათგან „გათამამებულთა“ მიმართ. „ნაცი“, „ბოზი“, „პიდარასტი“, „იეღოველი“, „სომეხი“ ერთი და იგივეა, ეს სიტყვები შეიძლება სინონიმებად იხმარო. სოციალური ძალადობა ყველა ამ კულტურულად მტრული ძალის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ცხადია, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რეალურად როგორი იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკა ნახსენები ჯგუფების მიმართ, ან იმას, რომ არც ფემინისტები, არც ლგბტ ჯგუფები, არც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები „ნაცებთან“ სულაც არ აიგივებენ თავს. მთავარია სოციალური ძალადობის ჩამდენთა და გამმართლებელთა აღქმა.  

ხელისუფლების ძირითადი პასუხიმგებლობა ის არ არის, რომ ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებს არ ან ვერ აჩერებს (თუმცა, ცხადია, ამაზეც მოეთხოვება კონკრეტული პასუხი). მთავარია სოციალური ძალადობის ლეგიტიმაცია, რომელიც მისგან თანმიმდევრულად მოდის. დასახელებული ჯგუფების მიმართ ძალადობრივი ქმედებები თითქმის არასოდეს ხდება ცალსახა და მკაფიო დაგმობის საგანი. სტანდარტული ფრაზაა „ძალადობას ვემიჯნებით, მაგრამ...“ („იქნებ შეაგინა?“ „იქნებ არც ქალია მთლად მართალი“? „იქნებ ტაბურეტიან მღვდელს გული აწუხებდა?“ და ა. შ.). ამ მხრივ ეკა ბესელიას გამოხმაურება ილიას უნივერსიტეტში დატრიალებულ ტრაგედიაზე სტანდარტული და ტიპიური პასუხია პირადად მისთვის და მისი თანაპარტიელებისთვის. ფაქტიურად, ხელისუფლება ძალის გამოყენების მონოპოლიური უფლების დელეგირებას ახდენს მოკავშირე სოციალურ ჯგუფებზე. ნამდვილად არ მგონია, რომ კონკრეტულად ქალების წინააღმდეგ ძალადობის წახალისება მისი პროექტია (თუმცა ის ვერ მალავს ემპათიას მისი ჩამდენების მიმართ). მაგრამ სოციალური ძალადობის ჯინს ბოთლიდან რომ გამოუშვებ, მერე მისი გაკონტროლება შეუძლებელია.

კომენტარები