საჯარო ფინანსები

ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 560 მილიონზე მეტი ლარით არის გარღვეული

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში 560 მილიონ ლარზე მეტით არის გარღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ დაგეგმილ ხარჯებზე 560 მილიონი ლარით ნაკლები დახარჯა. ეს მონაცემები ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშში იკითხება. 
 
გადასახდელების მიმართულებით გარღვევა ხდება მაშინ, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები მეტობით არის დაგეგმილი. ამ შემთხვევაში 9 თვის განმავლობაში სახელმწიფომ დაგეგმილი ხარჯების მხოლოდ 92% გაიღო. 
 
გადაჭარბებით არის შესრულებული საგადასახადო შემოსავლების კომპონენტი, სადაც დაგეგმილი 5.3 მილიარდის ნაცვლად 9 თვის ანგარიშით 5.4 მილიარდი ლარია მობილიზებული. შემოსავლების გეგმის ჭარბად შესრულების ერთ-ერთი მიზეზი კონსერვატიულად დაგეგმილი ბიუჯეტია, რომელიც ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი. პირველი სამი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემი 5%-იან ნიშნულს აჭარბებს, შესაბამისად, ხდება გადასახადების ჭარბად მობილიზება. 
 
გრანტების კომპონენტი 102%-ით არის შესრულებული და დაგეგმილი 124 მილიონი ლარის ნაცვლად მიღებულია 126 მილიონი ლარი. 
 
გარღვევაა ვალდებულებების ზრდის მიმართულებითაც და დაგეგმილი 1.2 მილიარდი ლარის ნაცვლად სუვერენული ვალიდან ათვისებულია მხოლოდ 1 მილიარდი ლარი. 
 
ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება და შესაძლებელი იქნება იმისი ანალიზი, თუ რა მიმართულებით მოხდა სახელმწიფოს ფინანსების არაეფექტიანი დაგეგმვა. ასევე, შედარება 2015 წლის ბიუჯეტთან, იმისათვის რომ მომავალი წლისთვის მსგავსი არაეფექტიანი დაგეგმარება შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს არიდებული. 

კომენტარები