ქალებზე ძალადობა

რელიგიათა საბჭო ქალთა მიმართ ძალადობას გმობს

ombudsman.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევებს ეხმაურებიან და საერთო მწუხარებას გამოთქვამენ მოძალადეების ხელით დაღუპული ქალების გამო. საბჭოს შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოების უაღრესად სერიოზული და ღრმა პრობლემაა, რასაც არაერთი მიზეზი და გარემოება განაპირობებს.

"გულისტკივილით და სინანულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიზეზებს შორის, არცთუ იშვიათად, დამახინჯებული რელიგიური ინტერპრეტაციებიცაა. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ როლს, რაც ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების არასწორად აღქმასა და გაგებას მიუძღვის ქალებისადმი ძალადობის წახალისებაში. მთელ მსოფლიოში დღემდე გვხვდება შემთხვევები, როცა სწორედ რელიგიური მოტივაციაა ქალების ჩაგვრის მიზეზად გამოყენებული. მთელი პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ, ზოგადად, რელიგია, თავისი არსიდან და მისიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ძალადობისა და დისკრიმინაციის გამამართლებელ არგუმენტად იქნეს მოყვანილი, რადგან ყველა დიდი რელიგიური მოძღვრების სულისკვეთება სიყვარულის, პიროვნული თავისუფლებისა და თანასწორობის ქადაგება გახლავთ. თითოეული ადამიანის გამორჩეული სულიერი დანიშნულების, მისი უნიკალური პასუხიმგებლობის აღიარება არის რელიგიურობის ქვაკუთხედი, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს ეკუთვნის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნება", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა ღრმად უნდა გავიაზროთ, რომ სოციალურ სივრცეში ჩვენი თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება". რელიგიათა საბჭოს განცხადებით, ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოა, ვინ იქნება იგი სქესით და როგორია მისი სოციალური სტატუსი - ქალია თუ კაცია, ოჯახის წევრია, ცოლია, ქმარია, შვილია, დედაა თუ მამა.

"ყველა ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალია თავისი ბუნებით და მხოლოდ შემდეგაა ამა თუ იმ სოციუმის, მათ შორის ოჯახის, თემის, ეთნოსისა და რელიგიური ჯგუფის წევრი. მიგვაჩნია, რომ ქალებისადმი ძალადობის ბოლოდროინდელი ესკალაცია, სწორედ ამ თავისუფლების წინააღმდეგ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ამხედრებაა და იმის გარდა, რომ თითოეული ეს შემთხვევა სამართლებრივი კუთხით მძიმე დანაშაულია, ამავდროულად, ყველა რელიგიური მოძღვრებისთვის უმძიმეს ცოდვასა და ბოროტებას წარმოადგენს. ყოველივე აქედან გამოდინარე, ჩვენ ერთობლივად მოვუწოდებთ ყველას, ქალებსა და კაცებს, მთელ საზოგადოებას, რელიგიურ თუ არარელიგიურ მოქალაქეებს, ბოლო მოვუღოთ ქალებზე სამარცხვინო ძალადობასა და ყველა ღონეს მივმართოთ საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს მახინჯი კულტურული თუ რელიგიური ტრადიციები, რომლებიც სქესის მიხედვით ძალადობასა და დანაშაულს შეიძლება ედებოდეს გამამართლებელ საფუძვლად. ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა მკაცრად აღკვეთონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ესკალაცია და კანონის სრული დაცვით იმოქმედონ, როგორც მოძალადეების წინააღმდეგ ასევე ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად", - ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოება, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სახარების რწმენის ეკლესია, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ეზიდთა სასულიერო კრება, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია.

კომენტარები