ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაშია 2012 წლის ნოემბრიდან. ის სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენი კი მას შემდეგ დადგა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციით, ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ზომით შეცვლა მოითხოვეს.

დღევანდელ პროცესზევე, 7 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მეგის ქარდავასაც. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 

სასამართლო პროცესზე განაჩენი გამოუტანეს, ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს. ისინი 2014 წლის 13 მარტს დააკავეს და ბრალი წაუყენეს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 333-ე მუხლებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი ამავე მუხლებით აქვს წაყენებული ბაჩო ახალაიას ძმას, დათა ახალაიას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს მიესაჯათ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად ბაჩო ახალაია. მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გუშინ ღამით Facebook-ში დაწერა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას "ფარსში". მისი თქმით, "ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ძალადობამ, მოსამართლეზე ზეწოლამ და მუქარამ შედეგი გამოიღო და მოსამართლე ბუგიანიშვილი უკანონო განაჩენს გამოიტანს ბაჩო ახალაიას საქმეზე".

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბაჩო ახალაიას და თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორ მეგის ქარდავას რუსთავის ციხიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, ბრალი 2014 წლის 12 იანვარს წარუდგინა. ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით (წამება), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). 

კომენტარები