სასამართლო ხელისუფლება

კუბლაშვილი: ყველამ პატივი უნდა სცეს მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას

frontnews.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელიც თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მკაცრი განცხადება გააკეთოს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. კოტე კუბლაშვილის პასუხს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა მყისიერი და ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ან სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან. სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. სასამართლოს მიმართ ნიშნისმოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის  ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის - სასამართლოს მიმართ", - აცხადებს უზენაესი სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ. ამის შემდეგ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროვა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემს გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ - "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!", - ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები