კომუნიკაციები

უნგრეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ინტერნეტის დაბეგვრას აპირებს

Financial Times-ის ცნობით, უნგრეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ინტერნეტის დაბეგვრის შემოღებას გეგმავს. ინიციატივა ქვეყნის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიას ეკუთვნის.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მიჰაი ვარგას თქმით, სახელმწიფო ქვეყნის ტერიტორიაზე მოხმარებულ ყოველ გიგაბაიტზე $62-ცენტიან გადასახადს დააწესებს. გადასახადის გადახდა ინტერნეტპროვაიდერებს მოუწევთ. მინისტრის თქმით, ინიციატივა ქვეყნის საკომუნიკაციო გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. ინტერნეტის პროვაიდერები ახალ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ. მათი თქმით, ახალი კანონი მოსახლეობისთვის მიწოდებული ინტერნეტის ღირებულებას გაზრდის.

უნგრეთმა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი აქტი 2011 წელს მიიღო. აქტის მიხედვით, სატელეფონო და სატელევიზიო კომპანიები უკვე იხდიან დამატებით გადასახადებს, მათ შორის, გასახადები მობილურ კომუნიკაციასა და რეკლამირებაზეც გაიზარდა.

უნგრეთის ინიციატივამ ევროკავშირის კრიტიკა დაიმსახურა. ორგანიზაციამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს სარეკომენდაციო წერილი უკვე გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ინიციატივა ხელს შეუშლის თავისუფალი ონლაინსივრცის განვითარებას და საყოველთაო ინტერნეტსივრცეში ქვეყნის ჩართულობას შეამცირებს. 

აღნიშნული გადასახადი პირველი იქნება, რომელიც სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციების მიერ მიღებული და გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობის მიხედვით მათ დაბეგვრას ითვალისწინებს. 

კომენტარები