ჟენევის მოლაპარაკებები

თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ენმ-ის ჩართვის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ნაციონალური მოძრაობის ჩართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის მოსმენისას განაცხადა. სხდომაზე ჟენევის დისკუსიის მომდევნო რაუნდის დეტალებზე და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.

"იქნებ გვეფიქრა, მათაც მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუკი ამის საშუალებას ფორმატი იძლევა. თუნდაც ბატონმა ჭიაბერაშვილმა", - აღნიშნა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თედო ჯაფარიძემ. სხდომის დასრულების შემდეგ კი, მან განმარტა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაწყვეტა ევალება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოპოზიციას. ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი არსებობს საშუალება, სასურველი იქნება ოპოზიციაც ჩაერთოს პროცესში. 

"ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპეტენცია, გამოცდილება, მონაწილეობა აქვთ მიღებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში", - უთხრა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განმარტებით, ჟენევის ფორმატი საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით კი, საქართველოს მთავრობას ჟენევის მოლაპარაკებებში სუსტი პოზიციები აქვს და ამ ყველაფერს რუსეთი გამოიყენებს იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

 

კომენტარები