ტრანსპორტი

აეროფლოტი თბილისი-მოსკოვის რეისს ქართულ კომპანიებზე იაფად შეასრულებს

აეროფლოტის თვითმფრინავი
Aeroflot

დღეიდან აეროფლოტმა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. აეროფლოტთან ერთად ყოველდღიურ ფრენებს სხვა რუსული და ქართული კომპანიებიც შეასრულებენ.

ერთაინი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, აეროფლოტი საქართველოს ბაზარზე კაბალური პირობებით შემოვიდა, რაც ქართული ავიაკომპანიების გაკოტრებას ისახავს მიზნად. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის უუნარობითა და არაპროფესიონალიზმით ისარგებლა. ენმ-ს შეფასებით აეროფლოტის შემოსვლა საბოლოოდ ქართული ავია კომპანიების გაკოტრებას და ქვეყნის ბაზრიდან სხვა უცხოური ავიაკომპანიების განდევნას გამოიწვევს. 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით არსებული ეჭვები უსაფუძვლოა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფრენები სრულ პარიტეტულ რეჟიმში აღდგება, ქართული და რუსული ავიახაზები რეისებს კვირაში 14-ჯერ განახორციელებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული და რუსული მხრიდან ყოველდღიურ რესიებს ორ-ორი ავიაკომპანია შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ რუსული კომპანიებისთვის არანაირი განსაკუთრებული პირობები არ შეუთავაზებიათ. მათი თქმით, რუსულ მხარესთან სტანდარტული ხელშეკრულება არის გაფორმებული. რუსულ კომპანიებთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდნინარეობს, თუმცა მოლაპარაკებების პერიოდში 25 ნოემბრამდე აეროფლოტს რეისების შესრულების უფლება მიეცა.

ქართული მხრიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია -აირზენა და Flyvista შეასრულებენ, რუსული მხრიდან კი - აეროფლოტი და ციმბირის ავიახაზები. 

მოსკოვის მიმართულებით აირზენას ბილეთის ფასი 500 ლარიდან დაიწყება, ხოლო აეროფლოტის ბილეთის ფასი - 278 ლარიდან. აეროფლოტი რეისებს Airbus A320-ით განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეფასებით, ქართული და რუსული ავიაკომპანიების ბილეთებს შორის არსებული ფასთა სხვაობა რუსული ავიაკომპანიებისთვის საავიაციო ნავთის უფრო ხელმისაწვდომი ფასით არის განპირობებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენით წაგებული სწორედ ქართული ავიაკომპანიები აღმოჩნდებიან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული რეისები მოსკოვის მიმართულებით ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც დაემატება.

კომენტარები