ფარული მოსმენები

პრეზიდენტი 12:00-ზე, მოსმენების შესახებ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე გაიმართება.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 1-ლი აპრილის ნაცვლად 28 თებერვლამდე მოამზადებს და დაამტკიცებს. კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი დღეს უნდა მოაწეროს.

პარლამენტმა 1-ლ აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის 1-ლ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები