თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ბოკერია თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე: პოლიტიკური ინტრიგის ყველა ნიშანია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივნის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერიას შეფასებით, "თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში არის ყველა ნიშანი, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან". ბოკერია აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური ამოცანებისთვის კვლავ სამართალდამცავ ორგანოებს იყენებენ". მისი შეფასებით, ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და "ასეთი მმართველობის სტილი აქვს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“. ბოკერიას თქმითვე, ცუდია, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი თანამშრომლების უკანონოდ დაკავების ფაქტო მხოლოდ ახლა დაინახა.

"როცა გენშტაბის ხელმძღვანელს, ბატონ კალანდაძეს აკავებდნენ, მაშინ ვერ ხედავდა. ეს იმავე პროცესის ნაწილია, როდესაც ოლიგარქი მართავს ქვეყანას ამ ტიპის რეპრესიების მეშვეობით,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი, რაზეც ახლა ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი". ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან, თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია დაკავებულების უდანაშაულობაში. მისი თქმით, მთელი თავდაცვის სამინისტრო მონდომებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ირაკლი ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, ამის გამო კი,მინისტრი პრეზიდენტთან,პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქვს თუ არა საქმეს პოლიტიკური სარჩული, "მოგვიანებით ვილაპარაკებთ". 

"დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ასევე პრემიერმინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები