თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვა პროკურატურას: თავი შეიკავეთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროკურატურას მოუწოდებს, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. უწყება აღნიშნავს, რომ "თავდაცვის სამინისტროს არცერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და, მით უმეტეს, არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის". როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს უწყებამ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, გადაეცეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ასლები. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც გრიფი საიდუმლოს მიმნიჭებელმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ დოკუმენტზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა ამოღებული დოკუმენტაციის დედნები ან ასლები, რათა თავის მხრივ თავდაცვის სამინისტრომ მიმართოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დოკუმენტების განსაიდუმლების პროცედურების დადებითად გადაწყვეტის მიზნით. საქართველოს კანონის თანახმად საიდუმლო გრიფს ხსნის მიმნიჭებელი უწყება, რომელსაც ამ პროცედურისთვის თავის მხრივ ესაჭიროება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილი 29 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შესაბამისი მასალების წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნული მასალები კი ამ დრომდე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნა თავდაცვის მინისტრს ან მის მოადგილეებს შეუძლიათ. პროკურატურა მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, "შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან აიცილონ მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება".

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს საიდუმლო გრიფი მიენიჭა, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტრომ გრიფი საიდუმლო მიანიჭა ამ შესყიდვასთან და შემდგომ სს სილქნეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს.

"აქვე განმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს, ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია, ანუ ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას. მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით.

"მით უმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა. საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს,  კომპეტენტური ორგანოს - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს - თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი მოხსნის შემთხვევაში, მოახდინოს  საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება", - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

"დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხი ამ საქმეზე და ეს გამოძიება წარიმართება ტრანსპარანტულად", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები