კრიზისი კოალიციაში

მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგა

cp.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მასთან ერთად თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, ლევან გურგენიძემ, თამარ ბერუჩაშვილმა და დავით ჯალაღანიამ. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ის კოალიცია ქართული ოცნების რიგებსაც ტოვებს. საგარეო საქმეთა მინისტრის გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მიიღო.

მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წლის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, "რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება". ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და მას არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოიქცეს.

"ახლო მომავალში მე ისედაც ვგეგმავდი გაწეული სამუშაოს შესახებ მედიისა და საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენას, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ ამის გაკეთება ასეთ ვითარებაში მომიხდებოდა. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ის, რასაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 2012 წლის არჩევნებზე. და ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეგვეძლო, გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირი შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს, და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით  არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, "საგარეო საქმეთა სამინისტრის გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლობის მაქსიმუმს".

"ჩვენ მტკიცედ ვიდექით ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთ აღიარებათა რიცხვი, გაიზარდა გაეროში რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა, მნიშვნელოვანი პროგრესია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში და უმთავრესი, ჩვენ შევძელით და გავაქარწყლეთ ის სკეპტიციზმი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორ სახელმწიფოებში, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკავშირდებოდა ჩვენი კურსის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციას" - განაცხადა ფანჯიკიძემ. მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და დიპლომატიურ კორპუსს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

"არ გემშვიდობებით სამუდამოდ, მეც გეუბნებით "ნახვამდის", ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს" - აღნიშნა საგარეო საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. 

ალასანიას გადაყენების გამო, პოსტი დატოვა ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც. ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ კი არ გამორიცხა, რომ თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გადადგეს.

კომენტარები