კრიზისი კოალიციაში

პრემიერმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე წარადგინა

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე წარადგინა. საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძეს აქამდე, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უფრო უკეთესი მინისტრი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი. რაც მთავარია, მე ვარ დარწმუნებული, რომ იგი ერთგულად, ღირსეულად ემსახურებება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროს და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას შემცვლელად ღარიბაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაასახელა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ჯანელიძე სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.

"მე ვიცნობ მინდია ჯანელიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი. ის არის ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებული იყო. მე, ბუნებრივია, მას შევხვდები და გადავაბარებ უწყებას", - განაცხადა ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

კომენტარები