კრიზისი კოალიციაში

NATO-ში საქართველოს ელჩი თანამდებობას დატოვებს

radiotavisupleba.ge

NATO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განმარტებით, მან მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ მოხდება დღეს.

"მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია ამის შესახებ და მინდა საზოგადოებასაც მკაფიოდ ვუთხრა, რომ მე სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე მაკისრია, რამეთუ მე წარმოვადგენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს NATO-ში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩემი აქ მოქმედების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მე პრემიერს განვუმარტე, რომ ჩემი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ რამდენიმე ძირითად შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში. ეს არის პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე გვექნება განხილვები NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება მინისტერიალი და, ბუნებრივია, საქართველოს მისია NATO-ში, ჩემი აქტიური მონაწილეობით, იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რომ საქართველოს პოზიციები იქნას სწორად და ეფექტიანად წარმოდგენილი NATO-ში", - განაცხადა დოლიძემ.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, პოსტები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები