კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: ალასანიას ბრალია, რომ უცხოეთში შერჩევითი სამართლის განცდა არ მოიხსნა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების ბრალია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები არსებობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე. ღარიბაშვილის თქმით, უცხოეთში ვიზიტის დროს, ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლების დროს გატარებული რეფორმები სამაგალითო იყო და ის უნდა გაეგრძელებინათ. პრემიერი აღნიშნავს, რომ თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები არ საუბრობდნენ "იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, იმ დარღვევებზე ადამიანის უფლებების, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები". აღსანიშნავია, რომ ამ კომენტარის გასაკეთებლად, პრემიერი ჟურნალისტებთან საგანგებოდ დაბრუნდა და თქვა, რომ "რაღაცის თქმა" დაავიწყდა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ გესმოდათ ყველას, საზოგადოებას ესმოდა, რომ აი, ჯერ კიდევ არის განცდა ევროპაში, ამერიკაში, რომ აქ რაღაც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თურმე, შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. მე პირდაპირ მინდა განვაცხადო ახლა, რომ როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპასა და ამერიკაში, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ. ანუ იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, იმ დარღვევებზე ადამიანის უფლებების, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც და ბუნებრივია, ის არასწორი განცდა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ევროპასა და ამერიკაში, ვერ მოიხსნა. ანუ აქ აშკარად გამოიკვეთა და მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ ჩაეტანათ რეალობა ევროპასა და ამერიკაში. იგივე მაია ფანჯიკიძის ქმედებებში, ძალიან ხშირად მქონია შეკითხვები, ეჭვები. და ალასანიამ ღიად განაცხადა, რომ ეს იყო სამაგალითო, ამას უნდა დაეფუძნოს ჩვენი მომავალი მთავრობა და უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რაც სააკაშვილს ჰქონდა აღებული. ამაზე მეტი თვითლუსტრაცია, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება იყოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ფანჯიკიძის, ალასანიას და პეტრიაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყნის გარეთ პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართალის განცდა ვერ მოიხსნა. 

"აქვე მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენი მთავრობა ვცდილობდით, გამოგვეძიებინა, სააშკარაოზე გამოგვეტანა, აგვეხსნა მოსახლეობისთვის, გარესამყაროსთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც იმალებოდა წლების განმავლობაში, რასაც ატყუებდნენ, ეს გამხდარიყო საჯარო, ეს უნდა მოეხერხებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს, უშუალო მინისტრს და მის გუნდს, აქ ალასანია იყო პირდაპირ ჩართული. ასე რომ, კითხვები, რა თქმა უნდა, მაქვს. ეს კითხვა არის კიდევ უფრო გაღრმავებული... ვინაიდან, ის განცდა ვერ მოიხსნა, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა ფანჯიკიძის, ალასანიასი და თუნდაც ბუკა პეტრიაშვილის", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები