რუსული ოკუპაცია

სესიაშვილი: რუსეთთან მიმართებით ადეკვატურ ნაბიჯებს ვდგამთ

radiotavisupleba.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით სწორი სტრატეგია აქვს. როგორც სესიაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, "აპოკალიფსის მეოცნებე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს, წარმოაჩინოს სურათი, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთს რაღაცას უთმობს და კომპრომისზე მიდის". მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შედეგზე ორიენტირებულია.

"რუსეთთან ჩვენ რა სტრატეგიითაც ვმოქმედებთ, ამას მხარს უჭერს NATO, ობამა, ევროკავშირი, ყველა ევროპელი ლიდერი. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენს მიერ წამოებული პოლიტიკა არის შედეგებზე ორიენტირებული. მიუხუდავად იმისა, რომ თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რა ამბები მოჰყვა, ჩვენ ეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, იმიტომ, რომ ჩვენ სწორი პოზიცია შევარჩიეთ, ევროკავშირისკენ სწრაფვასაც გავაგრძელებთ დაჩქარებული ტემპით, ნატოსთან არსებული პაკეტის რეალიზებასაც დავიწყებთ, ნატოსთან კიდევ უფრო დავახლოვდებით და ამას გავაკეთებთ რუსეთთან რისკების შემცირებით, გავძლიერდებით იქამდე, რომ რუსეთმა ჩვენ აღგვიქვას როგორც ძლიერი ძალა და შემდგომ უკვე ევროპასთან ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს საქართველოს დეოკუპაციისთვის" - განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ხელისუფლების კრემლთან დაკავშირების მცდელობის გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს.

"საკუთარი წარსულის შეთავაზების უნარი არ გააჩნია მოსახლეობისთვის, პოლიტიკურად საკმაოდ სერიოზულ დეფიციტში არიან, ამიტომ ერთადერთი ის არის, რომ ხელისუფლება დაადანაშაულო რაღაც ცუდში და რაში? როცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით წინსვლაა, უნდა დაადანაშაულო მტერთან კავშირში და  მტრის ხატი რომ რუსეთია, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ, საუბარია, რომ რაღაც კომპრომისზე მივდივართ და რა კომპრომისზე მივდივართ? ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული წითელი ხაზები და ეს არის ის, რომ ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოკუპაცია მოვახდინოთ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ რიტორიკის შეცვლაზე, გზების ძიებაზე, რომ მოვახდინოთ მშვიდობიანი დეოკუპაცია, დიახ, ჩვენ ამას ვცდილობთ და ადეკვატურ ნაბიჯებს ვდგამთ, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ რა პოლიტიკური სტრატეგიაც შეიმუშავა, რა შედეგებამდე მიგვიყვანა, ძალიან კარგად ვხედავთ" - თქვა სესიაშვილმა თეორემაში.

კომენტარები