ემზარ კვიციანი

სასამართლომ ემზარ კვიციანს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. 

"სამწუხარო ერთი რამ არის, ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა", - აცხადებს ადვოკატი რევაზ კახნიაური.

ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს. 18 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე კვიციანს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. მას თავდებად დაუდგა 35 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას თქმით, კვიციანი არსად გაიქცევა და სწორედ ამიტომ, ის თავისუფალი უნდა იყოს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ კი, დეპუტატების მიერ კვიციანის თავდებად დადგომა "ჰუმანიტარულ ჟესტად" შეაფასა.

ადვოკატ კახნიაური მაშინ აცხადებდა, რომ "პროკურატურამ ყველა ბრალდების მოხსნა ვერ გაბედა, თუმცა ამას სასამართლო გააკეთებს".

“ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ბრალდებები თითქმის ყველა უწყებას ცალ-ცალკე ჰქონდა, მას აბრალებდნენ თაღლითობას, ტერორიზმს, ეს ყველაფერი მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ყველა უწყებაში დაწყებული საქმეები 2014 წელს გაერთიანდა და კვიციანს ბრალი ედება უკანონო ფორმირების შექმნასა და შეიარაღებული ამბოხების მოწყობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო კიდევ 7 ბრალდება, რაზეც იყო საუბარი გამოძიების პროცესში, არ დადასტურდა”, - აღნიშნავდა კახნიაური.

კომენტარები