ღარიბაშვილი: უკრაინის მოვლენები 2008 წლის ომის გაგრძელებაა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

“ვფიქრობ, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა,” - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენ მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს გამოვიარეთ და, ვფიქრობ, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება,  ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა. მაგრამ, ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, ვდგავართ სწორ გზაზე და მასზე სვლას გავაგრძელებთ,” - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, სტოლტენბერგთან ერთად მან განიხილა რეგიონალური უსაფრთხოების ღონისძიებები, მათ შორის, რუსეთის ბოლო წინადადება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, აფხაზეთთან, ე.წ. ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.

"მინდა გამოვხატო წუხილი და შეშფოთება იმის გამო, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს, რითიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონისა და, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი NATO-ს საგანგებო საკითხთა შორის დარჩება… ცხადია, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ მოსკოვი გეგმავს ახალი შეთანხმების გაფორმებას აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან,” - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები