თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/TbilisiFilmFestival

თბილისის მე-15 საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა ცნობილია.

1 დეკემბერს ყველაზე დიდი ქართული კინოფესტივალი მეთხუთმეტედ აიღებს სტარტს. ტრადიციულად თბილისის კინოფესტივალი წლის გამორჩეულ ფილმებს და კინოინდუსტრიის საინტერესო წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ფესტივალს ერთ-ერთი საუკეთესო ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის საქართველოში გადაღებული ფილმი „პრეზიდენტი" გახსნის. რეჟისორი თბილისში ჩამოვა და ფილმს თავად წარუდგენს მაყურებელს. მასთან ერთად ფესტივალის სტუმარი, მისი რეჟისორი ქალიშვილი ჰანა მახმალბაფიც იქნება.

მთავარ საკონკურსო პროგრამას მარკო მიულერი - რომისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოკრიტიკოსი და პროდიუსერი გაუძღვება.

თბილისის კინოფესტივალის ისტორიაში პირველად, მთავარ საკონკურსო პროგრამაში ორი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები. სალომე ალექსი-მესხიშვილის ნამუშევარი „კრედიტის ლიმიტი“ და ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“ მთავარი ჯილდოს, ოქროს პრომეთესთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია ასევე ქართული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის ფილმი „Party Girl,“ რომელიც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს კამერით დაჯილდოვდა. კონკურსის მონაწილეა 2014 წლის კანის კრიტიკის კვირეულის გრანპრის მფლობელიც, უკრაინული დებიუტი „ტომი“. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს ევროპელი რეჟისორების ფილმები ბელგიიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან და ბულგარეთიდან.

ევროპული კინოს ფორუმზე წელსაც არაერთ გამორჩეული ნამუშევარს აჩვენებენ. მაყურებელს საშუალება ექნება ჟან ლუკ გოდარის პირველი 3D ნამუშევარი „მშვიდობით, ენავ!“ და ფრანსუა ოზონის „ახალი მეგობარი ქალი“ იხილოს. ასევე კანის წლევანდელი კინოფესტივალის ტრიუმფატორი ნური ბილგე ჯეილანის „ზამთრის ძილი“ შეაფასოს, კანის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი ბერტრან ბონელოს „სენ ლორანი“ და ფესტივალის პრიზიორი კორნელ მუნდრუჩოს „თეთრი ღმერთი“ ნახოს.

თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ანჯეი ვაიდას ახალი ფილმი „ვალენსა. იმედის კაცი“, ოლივიე ასაიასის „სილს მარიას ღრუბლები“. ასევე ერთ-ერთი საუკეთესო შვედური პროექტი, ლუკას მუდისონის „ჩვენ საუკეთესოები ვართ“, რომელიც არაერთი ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

თბილისს ცნობილი პორტუგალიერი რეჟისორი ვიტორ გონსალვესი ესტუმრება და სხვა მოწვეული სტუმრების მსგავსად, მისი „უხილავი ცხოვრების“ ჩვენების შემდეგ კითხვა-პასუხის სესიას გაუძღვება.

კანის ფესტივალის ორგზის პრიზიორს, ფრანგულ-მავრიტანულ ფილმს „ტიმბუქტუ“ წარმოგვიდგენს სექცია „ჰორიზონტები“. აღსანიშნავია ბერლინალეს ოქროს დათვით დაჯილდოებული, ჩინელი იინან დიაოს დეტექტივი „ქვანახშირი, თხელი ყინული“. თბილისს ირანელი რეზა დორმიშიანი ეწვევა და დამოუკიდებელ სურათს წარადგენს, სახელწოდებით „არ ვბრაზობ!“. ნაჩვენები იქნება ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორის, ბრედლი კინგის „დროის მონაკვეთი“ ქართული წარმოშობის მსახიობის, ჯორჯ ფინის მონაწილეობით. ცამეტი საფესტივალო პრიზის მფლობელია ცნობილი ტაივანელი რეჟისორის, ცაი მინ-ლიანის „მოხეტიალე ძაღლები“. ფესტივალს ასევე ესტუმრება ბრაზილიელი პროდიუსერი ფერნანდა დე კაპუა.

სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წელს ბენილუქსის ქვეყნები იქნება წარმოდგენილი.  სექცია ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან და ჰოლანდიიდან ექვს გამორჩეულ და უახლეს ფილმს გააერთიანებს. სექციის ფარგლებში ფესტივალის სტუმარი იქნება ოსკაროსანი ანიმატორი, ალექსანდრე ესპიგარესი, რომელიც თავის ახალ ნამუშევარს „ბატონ ჰუბლოტს“ გვაჩვენებს. სექციის მთავარი ფილმი კი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორების, ძმები დარდენების ბოლო ნამუშევარი „ორი დღე, ერთი ღამე“ იქნება.

ფესტივალი ტრადიციულ სექციას „ქართული პანორამა“ კვლავაც უმასპინძლებს. აქ ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორების შვიდი სრულმეტრაჟიანი, ხუთი მოკლემეტრაჟიანი და ოთხი დოკუმენტური ნამუშევარი. ქართულ პანორამაში შესული მხატვრული ფილმები მონაწილეობს ეროვნულ კონკურსშიც, რომელმაც წელს პრიზების რაოდენობა გაზარდა და ფილმები ახლა უკვე ოთხ ნომინაციაში დაჯილდოვდება: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო მსახიობი ქალი.

თბილისის კინოფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს წლის გამორჩეულ დოკუმენტური ფილმებსა და მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს. გოეთეს ინსტიტუტის დახმარებით კი თანამედროვე გერმანული პროექტების ჩვენებებიც მოეწყობა.

ფესტივალი დაიხურება უბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება“. რეჟისორი თბილისს ეწვევა და ნამუშევარს თავად წარუდგენს ქართველ მაყურებელს. ფილმმა 20-მდე პრიზი, მათ შორის, ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო დაიმსახურა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 7 დეკემბერს დაიხურება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები