ფარული მოსმენების შესახებ კანონი

ბესელია: ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრემიერი ჩვენს კონცეფციას ემხრობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფარულ მოსმენებთა დაკავშრებით ის კანონპროექტი მოსწონს, რომელიც ბესელიამ ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად შეიმუშავა.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ კოალიცია ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ვახტანგ ხმალაძის კანონპროქტიც განიხილებოდა.

„გვქონდა ორი კონცეფციის ძალიან ჯანსაღი, შინაარსიანი და საკმაოდ დეტალური განხილვა. პრემიერმინისტრი მხარს უჭერს იმ კონცეფციას, რომელიც წარვადგინეთ ჩვენ - მე, გედევან ფოფხაძემ და ირაკლი სესიაშვილმა. ჩვენი კანონპროექტით დაცულია ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება. ამ პროექტის მიხედვით არსებობს ე.წ. ორი გასაღების პრინციპი, რომელსაც ასევე ითხოვდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მხარს უჭერენ ევროპელი ექსპერტებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს კონტროლით განხორციელდება და კიდევ ერთი მაკონტროლებელია ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცის ინსპექტორი, იგივე ომბუდსმენი იქნება. ეს არის კონტროლის მექანიზმის უფრო მაღალი სტანდარტი, რაც კარგია. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაკონტროლებელი აბალანსებს იმ რისკებს, რომელიც არსებობს. არის განსხვავებული ხედვა რესპუბლიკელების მხრიდან, თუმცა კონსულტაციების პროცესი გაგრძელდება“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა და რესპუბლიკელები ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას ემხრობიან, რომლის მიხედვით ე.წ. გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს.

ბერძენიშვილის ინფორმაციით, კოალიციის ოფისში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაც ესწრებოდა.

კომენტარები