აფხაზეთის ანექსია

პრემიერი ე.წ. ხელშეკრულებაზე: მთავრობა გმობს რუსეთის უკანონო ნაბიჯს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმაურება, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აღნიშნულს აფასებს, როგორც რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

პრემიერმინისტრის განცხადებაში წერია, რომ მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე.

"რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას.

მოსკოვის ეს ნაბიჯი იდგმება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს, ხოლო საქართველოს მხრიდან გადაიდგა არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.

აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია , ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, იგი სრულად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებს, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერის საკითხს.

საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე", - ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას სოჭში ხელი მოაწერეს. პუტინმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენ შევქმენით წარმატებული ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა. ამასთან, აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას, ასევე იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს აფხაზეთის უსაფრთხოება და, რაც მთავარია - გადავჭრათ უმთავრესი საკითხი, გავაუმჯობესოთ ადამიანთა ცხოვრება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"დღეს ჩვენ ახალ ფაზაში შევდივართ. შეთანხმებაზე ხელის მოწერით, ჩვენ გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალურად სასარგებლო იქნება", - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან გაიზრდება აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები საუკუპაციო ხაზზე, რაც მის ენგურამდე გადმოწევას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე. ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

სოხუმში დღეს აქციებს როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები მართავდნენ.  რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ორგანიზაცია ამცახარა გამოდის, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერას აფხაზური საზოგადოება მხარს არ უჭერს.

კიდევ ერთი აქცია ფსოუს გამშვებ პუნქტთან აფხაზებმა გამართეს. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ 1992-93 წლების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის დამოუკიდებლობის დასასრული იქნება.

კომენტარები