საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

უსუფაშვილი: რუსეთის ხელისუფლების სრული იზოლირება სწორი არ იქნებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ხელისუფლების სრული იზოლირება „მთლად სწორი არ იქნებოდა", - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, როგორ აფასებს გერმანიის მცდელობებს, ჰქონდეს დიალოგი კრემლთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს:

„მნიშვნელოვანია, რომ ვინმეს რუსეთის პრეზიდენტთან ლაპარაკი შეეძლოს. მე დიდად ვაფასებ ევროპელი პოლიტიკოსების, მათ შორის, გერმანიის ლიდერების, მცდელობებს, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ცივილიზებულ რელსებზე დააბრუნონ პროცესი. რუსეთის ხელისუფლების სრული იზოლირება არ იქნებოდა მთლად სწორი. კონტაქტები უნდა არსებობდეს. მაგრამ როგორც ბრიუსელმა, ასევე ვაშინგტონმა უნდა შეინარჩუნონ პრინციპული და რუსეთისთვის ცხადი პოზიცია, რომ მოსკოვში არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მაგალითად ცივი ზამთრის ან ინვესტიციების დაკარგვის შიშით საერთაშორისო საზოგადოებაში შიდა განხეთქილება მოხდება. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ სიკეთეს, რაც რუსეთისგან მოდის, მაღალი ფასი აქვს", - ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს „შესაძლოა გავუთანაბროთ აფხაზეთის ანექსიის მცდელობას". უსუფაშვილისვე თქმით, ის და მისი კოლეგები ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანას, რომ „რუსეთის ეს ნაბიჯები უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი დიდი სურათის ნაწილი".

„რუსეთი აპირებს, იგივე გაიმეოროს სხვა სახელმწიფოებთან, რასაც უკრაინაში აკეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა პუტინთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე. უკრაინა ახლა აქტუალურია, თუმცა ამ კონფლიქტური ზონების დავიწყება არ შეიძლება", - ამბობს უსუფაშვილი.

ამავე ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ უკრაინის კრიზისი, პირველ რიგში, გაკვეთილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. საქართველომ კი თავისი გაკვეთილი 2008 წელს მიიღო, „როდესაც რუსეთმა ღიად და ცინიკურად განაცხადა თავისი ზრახვების შესახებ, რომ ის არ დაუშვებს, ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა თავად აირჩიონ განვითარების გზა. ცხადი გახდა, რომ მოსკოვი ხელს შეუშლის ამ ქვეყნების გაწევრიანებას არა მხოლოდ NATO-ში, არამედ ევროპულ სტრუქტურებშიც". უსუფაშვილისვე თქმით, ეს სათანადოდ ვერ შეაფასა დასავლეთმა, რომელიც „როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რუსეთი საკუთარი ნებით თუ იძულებით დათანხმდებოდა თავისი მეზობლების ევროპულ არჩევანს".

კომენტარები