საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირ რეისებს საქართველოს მიმართულებით 15 ივნისიდან შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში აცნობეს, რომ პირველი რეისები სოჭიდან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათს, 15 ივნისს და სამშაბათს, 20 ივნისს შესრულდება. ამასთან, 16 ივნისიდან ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებითაც გეგმავს.  როგორც გამოცემა წერს,  ინფორმაცია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც კვირაში სამი რეისი ფიქსირდება.

აზიმუტის და ჯორჯიან ეარვესის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველო-რუსეთის მიმართულებით ფრენის უფლება ავიაკომპანია Red Wings-საც მისცა. კომპანიას ფრენები 2 ივნისიდან, კვირაში სამჯერ უნდა შეესრულებინა. 

აღსანიშნავია, რომ Red Wings-ის ვებგვერდზე მიმართულებების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო დამატებული. სიაში დაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა, სოხუმი და ბაბუშარა იყო მითითებული. თუმცაღა, როგორც გამოცემა წერს, ამჟამად ჩამონათვალიდან აფხაზეთი ამოღებულია.

2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

Red Wings-ის მსგავსად რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სარეგისტრაციო ფორმაში "ქვეყნის" გრაფაში ჰქონდა მითითებული, თუმცა აჟიოტაჟის შემდეგ ჩამონათვალიდან მალევე ამოიღეს.   

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები