რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბერუჩაშვილი: WTO-ში რუსეთის გაწევრიანებისას მიღებულ ინსტრუმენტზე მუშაობა მიდის

NETGAZETI.GE

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ახალი რეალობა WTO-ში რუსეთის გაწევრიანების დროს მიღებული ინსტრუმენტის "კიდევ უფრო სხვაგვარად გამოყენებას მოითხოვს". ბერუჩაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კითხეს, რატომ არ აფორმებს ქართული მხარე ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა.

"ამ საკითხზე მუშაობა მიდის. მე უნდა გადავხედო. ახალი რეალობა ასევე მოითხოვს ამ ინსტრუმენტის კიდევ უფრო სხვანაირად გამოყენებას", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ დადებულ იმ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთიდან შემომავალი და საქართველოდან გამავალი ტვირთების საბაჟო კონტროლს გულისხმობს. მისი თქმით, ორი წელი გავიდა და ხელშეკრულების იმპლემენტაცია ჯერაც არ მომხდარა. კაპანაძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ეს ქართული მხარის მიზეზითაც ხდება.

GRASS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება რომ ამოქმედებულიყო, ამ თემის გამოყენება შეიძლებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოჭში გაფორმებული ე.წ. დოკუმენტი WTO-ს თემაზე დადებული კონტრაქტის დარღვევაც არის.

"ახლა რომ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმეს ოკუპირებულ აფხაზეთთან, იქ ერთ-ერთი სერიოზული თემაა საბაჟო ინტეგრაცია აფხაზეთში. ეს პირდაპირ კავშირშია ამ ხელშეკრულების დარღვევასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან WTO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დადებული. ეს ხელშეკრულება რომ ამოქმედებული ყოფილიყო, ჩვენ შეგვეძლო ამ თემის გამოყენება როგორც ჟენევაში ერთობლივ კომიტეტში, ისე თეორიულად შეგვეძლო გამოგვეყენებინა არბიტრაჟში. და დღეს, იმის გამო, რომ არაფერს არ ვაკეთებთ, ეს ინსტრუმენტები მთლიანად გვაქვს დაკარგული", - განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიის შემოსვლა კონტრაქტის დადებიდან რამდენიმე კვირაშიც კი შეიძლება დაწყებულიყო.

"ჩვენ შევთანხმდით რუსეთთან ყველფერზე, რაც შეიძლება კონტრაქტში ყოფილიყო, დარჩენილი იყო მხოლოდ დეტალები და ტექნიკური ნაწილი. მხოლოდ რჩებოდა კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან, რაც არის ტექნიკური საკითხი. ჩემი ღრმა რწმენით - და არ არსებობს ვინმე, ვინც გადამარწმუნებს - შესაძლებელია ეს მომხდარიყო რამდენიმე კვირაში, რადგან კონტრაქტის ძირითადი მონახაზიც შეთანხმებული იყო იმ მოლაპარაკების დროს. ამის მიუხედავად, გავიდა უკვე ორი წელი და ეს მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით, არ დამთავრებულა. ამის შედეგია ის, რომ კომპანია ორი წლის შემდეგ არ დგას თავის ადგილზე, კომპანია უნდა განლაგებულიყო ფსოუში, დაახლოებით იქ, სადაც როკის გირაბია, ლარსზე, ასევე სამხრეთითაც, კორიდორის მეორე მხარეს და ყველა ტვირთი, რაც შედიოდა ან გადიოდა ამ სავაჭრო კორიდორში, უნდა ყოფილიყო მონიტორინგის ქვეშ. ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ ჟენევაში, სადაც იქმნებოდა ერთობლივი კომიტეტი, იქ მიგვეღო ინფორმაცია ამ ვაჭრობასთან დაკავშირებით. იქ იქნებოდა კიდევ ცალკე საბრძოლო, რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ, რამდენად დეტალურია და მერე როგორ ვეპყრობით ამ ინფორმაციას, მაგრამ მშვენიერი საერთაშორისო ინსტრუმენტი შევქმენით. ახლა გავიდა ორი წელი, არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით ძალიან სამწუხაროდ. გაისად ხელშეკრულებას ეწურება ვადა, ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თუ მხარეები წინააღმდეგები არ არიან, ის გაგრძელდება ავტომატურად, მაგრამ ეჭვი იმასთან დაკავშირებით არსებობს, რომ სამი წელი თუ ხელშეკრულებაში არაფერი არ მოხდა, ეს სამი წელი ხომ დავკარგეთ, რუსეთმა რომ დააყენოს საკითხი, რომ მას აღარ უნდა ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია იმიტომ, რომ ქართული მხარე ითრევს ფეხს ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ რუსეთი დაადანაშაულო ხელშეკრულების შეუსრულებლობაში. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მიზეზის გამო მათ შორის, არ ვახდენთ ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციას", - განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები