საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ივანიშვილი უკრაინაში დანიშვნებზე: არ ვთვლი, რომ ამით ურთიერთობა გაფუჭდება

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაფუჭდება. მისივე თქმით, თეორიულად, მისასალმებელია ყველა მოქალაქის წარმატება. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ვუსურვებდი მათ, საქართველოში დაშვებული შეცდომები იქ აღარ გაემეორებინოთ".  ყოფილმა პრემიერმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოებაზე ტაბულას კითხვას უპასუხა.

"მე არ ვთვლი, რომ გაფუჭდება ამით ურთიერთობა. საერთოდ, თეორიულად ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია თქვენი კითხვა და ის ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ბოლო ორი დღის გამავლობაში განხილვა მიდის იმაზე, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია. რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ ის შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს, იქ აღარ გაემეორებინოთ და ჭეშმარიტი, არაფორმალური და არაყალბი წარმატებებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანმრთელობის მინისტრად დაინიშნა. ამასთან, საუბარია, რომ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილე გახდება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცეპრემიერობა შესთავაზეს, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე უარი თქვა, რადგან საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ უკრაინის ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს და ურთიერთობები გააფუჭოს.

კომენტარები