პაატა დობორჯგინიძის საქმე

სასამართლომ პოლიციის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის თანაშრომელს, პაატა დობორჯგინიძეს აღკეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესამდე პაატა დობორჯგინიძემ მის სამართლებრივ დევნაზე არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ოფისში ისაუბრა.

მან შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები ზეწოლასა და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა. დობორჯგინიძე ამბობს, რომ მას რამდენიმე ბრალი იმის გამო წარუდგინეს, რომ 2014 წლის 17 ივნისს შსს-ს ის თანამშრომელი არ დააკავა, რომელმაც მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა

17 ივნისს თბილისში, სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩხუბი ტაბულამ შემთხვევით გადაიღო. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციაც ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. პაატა დობორჯგინიძე სწორედ პატრულის ეკიპაჟის წევრი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები უწყებიდან მალევე გაათავისუფლეს, თუმცა თავად დობორჯგინიძის ნაცნობმა ქალმა მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და ბრალი მუქარაში დასდო. სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო ის არ დაუკავებიათ. საპატრულო პოლიციის ოფიცერი ჰყვება, რომ ამის შემდეგ მას რამდენჯერმე საყვედური დაუმსახურებლად გამოუცხადეს. დობორჯგინიძემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი თავად დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება მუქარის გამო მიიღო. მისივე თქმით, პატაკი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული, რადგან საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა მისი შინაარსის შეცვლას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დობორჯგინიძეზე ზეწოლას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი პირები მას მართლაც დაემუქრნენ, ფაქტის შესწავლისთვის გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართოს.

მოგვიანებით დობორჯგინიძეს კიდევ ერთი ბრალი, ამჯერად იარაღის უკანონო შენახვის მუხლით წარუდგინეს. მისი თქმით, აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ის იარაღს დაშლილ მდგომარეობაში საკუთარ სახლში რამდენიმე წელია, კანონიერად ინახავს. დამძიმდა ის ბრალიც, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა წარდგენილი - ნაცნობი ქალბატონისადმი მუქარის გამო.

პაატა დობორჯგინიძეს ბრალი მუქარის, ფიზიკური ძალადობისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აქვს წარდგენილი. წინასასამართლო სხდომა 19 იანვარს გაიმართება.

 

კომენტარები