ხუდონჰესი

ჯაფარიძე: სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესის აშენება წარმოუდგენელია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესის აშენება წარმოუდგენელია. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ხუდონჰესის აშენებას სჭირდება ორი მილიარდ 300 მილიონი ლარი, რისი საშუალებაც სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. 

"ჩვენი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია, რომ ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს. მის აშენებას სჭირდება 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არის. ეს არის საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი. ეს ფული სახელმწიფოს ბიუჯეტში არ არის და მე არ ვიცი წყარო, საიდანაც ამ მთავრობას შეუძლია ამხელა ფული ბიუჯეტში გააჩინოს. თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ხუდონჰესი შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. ვიცეპრემიერის განმარტებით, ამ ეტაზე მოლაპარაკებები ინდურ კომპანია ტრანს-ელექტრიკასთან მიმდინარეობს. კალაძის თქმით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას მოსთხოვა ინფორმაცია მისი დამფუძნებლების შესახებ, თუმცა არის საუბარი იმაზეც, რომ პროექტი მთლიანად სახელმწიფომ განახორციელოს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ კომპანიასთან. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში და მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ყველაფერი იყოს გახსნილი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, სტრატეგიულობიდან გამომდინარე, რაც არის ძლიან მნიშვნელოვანი და მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს  მსჯელობა", - განაცხადა კახა კალაძემ გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები