კრიმინალი

შსს-მ ქურდობის ბრალდებით აეროპორტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით აეროპორტის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ანტონი ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის მტვირთავად 2011 წლიდან მუშაობდა. ანტონი ს. კონტეინერში მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას, ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ, 300 ევროს ღირებულების "სამსუნგის" ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითაც მოქალაქეს მნიშნელოვანი ზიანი მიადგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტონი ს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად იპარავდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ პირად ნივთებსა და ელექტროტექნიკას. 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ანტონი ს. ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები