საყდრიდი-ყაჩაღიანი

საყდრისის სადავო ტერიტორიაზე სამუშაოები განახლდა

კომპანია RMG-იმ საყდრისში სამუშაოები გაანაახლა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. RMG-ში აღნიშნავენ, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა.

დარჩენილ ნაწილზე კი დამატებითი კვლევების ჩატარება ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო შეუძლებელი იყო.
საყდრისის დამცველები აცხადებენ, რომ პირველი აფეთქება დღეს დილით, 9-ის ნახევარზე იყო, შემდეგი კი დაახლოებით 11 საათზე. აფეთქებას არ ადასტურებენ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში და ამბობენ, რომ ადგილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ტარდება.

ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, იმყოფებოდნენ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც საბადოზე შესვლა სცადეს, თუმცა RMG-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლება მათ ამის საშუალება არ მისცეს. საყდრისში შეკრებილების განცხადებით, სამუშაოები სასამართლოს გვერდის ავლით განახლდა, ეს არის ვანდალური ქმედება და ამაზე პასუხი უნდა აგოს გადაწყვეტილების მიმღებმა ყველა პირმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბრძანების გაცემამდე უწყებაში მომუშავე შვიდკაციანმა საბჭომ საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ მოზმადებული ყველა დასკვნა შეისწავლა და გადაწყეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. მისივე ინფორმაციით, საყდრისში RMG-ის დაფინანსებით მუზეუმი აშენდება და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო დაწესებულება, მეცნიერება და კერძო ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკივიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების განახლების შესახებ გადწყეტილება გაუმჭვირვალედ მიიღეს. მისივე თქმით, უკვე დაწყებული სამუშაოები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლებრივი დავის გაგრძელების შესაძლებლობას.

საყდრისის ოქროსმომპოვებელი მაღარო ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. მეცნიერების თანახმად, 50 მეტრის სიღრმის მაღარო ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული და 5400 წლისაა. აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, 2013 წელს კი კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ბრძანებით, სტატუსი მოეხსნა. საყდრისის თემას შეეწირა მარინე მიზანდარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაც. საყდრისში სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია და ობიქტის გადაღების საშუალება მედიის წარმომადგენლებს კომპანია RMG Gold-ის მედია ტურის ფარგლებში მიეცათ.

კომენტარები