საყდრისი-ყაჩაღიანი

თარგამაძე საყდრისზე: საქმე გვაქვს ივანიშვილის კერძო ფინანსურ ინტერესთან

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე საყდრის-ყაჩაღიანში მომუშავე კომპანიის RMG Gold-ის შესახებ საუბრობს. თარგამაძის განცხადებით, კომპანიაში ბიძინა ივანიშვილსა და მის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს კერძო ინტერესები აქვთ. 

"2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნომერ 03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნომერ 2/271 ბრძანების საფუძველზე საყდრის-ყაჩაღიანში კომპანია RMG-მ სამუშაოები განაახლა. იქამდე 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის აქტი, რომლითაც 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციით, უძველეს მაღაროს ერთხელ უკვე შეუჩერეს სტატუსი. დღეს გვინდა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ ამ თემის რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე.

შპს RMG Gold-ის მმართველობის ისტორია:

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს RMG Gold-ის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას "ულაგებდა". საქართველოს პროკურორის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა კახა კობახიძე (მეტსახელად კოხა).

ცვლილებები ამით არ ამოწურულა - ფირმის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის წარმომადგენლის, შს მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ნათელ-მირონი იყო და წლების განმავლობაში თავადაც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში (კუდ-ი, სუს-ი).

მას შემდეგ, რაც ბიზნესთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა გადაიბარა, RMG Gold-ის მმართველობაში გამოჩნდნენ დავით ბალანჩივაძე და ნიკა ქაჩირიშვილი. აღნიშნული პიროვნებებიდან დღეს ხელმძღვანელობაში გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ბალანჩივაძეა, რომელიც წლების განმავლობაში ტელევიზია მე-9 არხის მენეჯმენტში მოღვაწეობდა. ასე რომ, შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ კომპანიაში უჩა მამაცაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე.

აღსანიშნავია, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საყდრის-ყაჩაღიანის საკითხს მიუბრუნდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 2 მაისს სამინისტროში შევიდა მაშინდელი საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზოლუცია, რომელიც სამინისტროს ავალებდა, განეხილა კომპანია RMG Gold-ის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. ამ ყოველივეს გათვალიწინებით, გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლებზეც ქვემოთ გვქონდა საუბარი", - თქვა თარგამაძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები