ფულადი გზავნილები

რუბლის გაუფასურებამ საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების კლება გამოიწვია

REUTERS

2014 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში $104 მილიონი  შემოვიდა, - ამის შესახებ მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის შესაბამის მონაცემებზე 16%-ით, ანუ $20 მილიონით ნაკლებია, რაც რუსეთიდან შემომავალი ფულადი გზავნილების კლებას უკავშირდება. 

რუსული რუბლის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ იმ პირების შემოსავლების კლებაც გამოიწვია, ვინც ფულს რუსეთიდან უცხოეთში, მათ შორის საქართველოში აგზავნის. დღეს ერთი დოლარი 58 რუბლი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბლში ფიქსირებული შემოსავლის სხვა ვალუტაში გადაცვლის შემთხვევაში მისი ღირებულება გასულ თვეებთან შედარებით შემცირებულია. 

ფულად გზავნილებში წამყვანი ადგილი ისევ რუსეთს უჭირავს. რუსეთიდან ოქტომბერში $45 მილიონი არის შემოსული, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 43%-ს შეადგენს. თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით $19 მილიონით არის შემცირებული, რაც უპირატესად რუსეთში არსებულ ფინანსურ ვითარებას უკავშირდება.

სხვა ქვეყნებთან მიმართებით კი ფულადი გზავნილების სტატისტიკაში ცვლილებები არ შეინიშნება, კვლავინდებურად მეორე ადგილზე საბერძნეთია, საიდანაც ნოემბერში საქართველოში $14 მილიონი შემოვიდა.

სულ ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი დონორი ქვეყნები ასე გამოიყურება:

  • რუსეთი 45%
  • საბერძნეთი 14,9%
  • იტალია 8,9%
  • აშშ 7%
  • თურქეთი 5,8%

ეროვნული ბანკი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებთან ერთად საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ფულადი გაზვნილების მონაცემებსაც აქვეყნებს. 2014 წლის ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში $15,7 მილიონი გაიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელს $1 მილიონით აღემატება. 

კომენტარები