უკრაინის კრიზისი

პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის ვითარებაზე პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე უკრაინელმა ჟურნალისტმა უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე დაუსვა კითხვა. მან რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების, ასევე რუსეთში ტყვეობაში მყოფი უკრაინელების შესახებ. პუტინმა პასუხისმგებლობა ომზე კიევს დააკისრა და განაცხადა, რომ უკრაინაში არა რუსი სამხედროები ან დაქირავებულები, არამედ მოხალისები იბრძვიან.

ჟურნალისტი: მინდა, გკითხოთ იმ სადამსჯელო ოპერაციის შესახებ, რომელიც თქვენ ჩემს ქვეყანაში მოაწყვეთ. თანაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ. არ არის საიდუმლო, რომ იქ რუსი სამხედროები იბრძვიან. რამდენი სამხედრო გაგზავნეთ იქ, რამდენი ტექნიკა, რამდენი მათგანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე და რას ეტყოდით დაღუპულ რუსი სამხედროების ოჯახებს?

ვლადიმირ პუტინი: ჩვენს საზოგადოებას მიაჩნია, რომ ის, რაც ხდება უკრაინის აღმოსავლეთში, მართლაც სადამსჯელო ოპერაციაა, მაგრამ მას კიევის დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს და არა პირიქით. სამხრეთ-აღმოსავლეთის მოხალისეებს არ დაუძრავთ თავისი ძალები კიევისკენ, კიევის ხელისუფლებამ შეიყვანა ჯარი სამხრეთ-აღმოსავლეთში, იყენებს ზალპური ცეცხლის დანადგარებს, არტილერიას და ავიაციას. რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება მას თავი დავაღწიოთ? პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის ნაწილი მოვლენების ამგვარ განვითარებას არ დაეთანხმა და პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ ჯერ მილიცია, შემდეგ ჯარი გამოიყენეს, დღეს კი ცდილობენ სიტუაცია უკვე ეკონომიკური ბლოკადის გზით მოაგვარონ. ეს უპერსპექტივო და მავნე გზაა უკრაინისთვის. იმედია, ჩვენი შუამავლობით პოლიტიკური დიალოგი გაიმართება და სიტუაცია დარეგულირდება, ერთიანი პოლიტიკური სივრცის აღდგენის ჩათვლით.

კომენტარები