ტერაქტი პარიზში

ზაკერბერგი: Facebook-ზე არ დავუშვებ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

Facebook founder and CEO Zuckerberg speaks during a media event at the company's headquarters in Palo Alto
Norbert Von Der Groeben / REUTERS

არცერთ სახელმწიფოსა თუ ადამიანების ჯგუფს არ მივცემთ უფლებას, უბრძანოს ადამიანებს -Facebook-ის მეშვეობით რისი გაზიარება შეუძლიათ და რისი არა, - ასე გამოეხმაურა Facebook-ის შემქმნელი პარიზის ტერაქტს. 

"რამდენიმე წლის წინ პაკისტანში ექსტრემისტები ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, მიზეზი ის იყო, რომ მე უარი ვთქვი Facebook-ზე მუჰამედის შესახებ მასალა წამეშალა, რომელიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ჩვენ განსხვავებული ხმის დასაცავად დავდექით, რომელსაც შეუძლია სამყარო უფრო საინტერესო და უკეთეს ადგილად აქციოს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს.

Facebook-ი მუდამ იყო ადგილი, სადაც ადამიანები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს ერთმანეთს უზიარებდნენ. ჩვენ თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას მივყვებით, მაგრამ არასოდეს არცერთ სახელმწიფოსა თუ ადამიანების ჯგუფს არ მივცემთ უფლებას, უბრძანოს ადამიანებს - რისი გაზიარება შეუძლიათ და რისი არა Facebook-ის მეშვეობით.

ვფიქრობდი ექსტრემისტებთან ჩემს პირად გამოცდილებასა და გუშინდელ თავდასხმაზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა უარყოს ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც ცდილობს გააჩუმოს ხალხი და მათი მოსაზრება მთელ მსოფლიოში. მე არ დავუშებ, რომ მსგავსი რამ Facebook-ზე მოხდეს.

ჩემი მიზანია და ვემსახურები იდეას, შევქმნა სერვისი, სადაც თქვენ თავისუფლად საუბარი, ყოველგვარი შიშისა და ძალადობის გარეშე შეგიძლიათ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ფრანგი ხალხისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების მწუხარებას, რომელთაც საკუთარი იდეებისა და ხედვის გაზიარება არჩიეს მაშინ, როდესაც ეს სიმამაცეს მოითხოვდა", - წერს ზაკერბერგი.

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შედეგად 8 ჟურნალისტი, ჟურნალის რედაქტორის ჩათვლით, ორი პოლიციელი, ტექნიკური თანამშრომელი და სტუმარი დაიღუპნენ. შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა ისინი პარიზში, ჟურნალის ოფისში ჩაცხრილეს. თვითმხილველების ცნობით, ისინი ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა. თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს.

საფრანგეთის პოლიციამ დამნაშავე პირები დაასახელა. პოლიციამ გაავრცელა ჩერიფ და საიდ კუაჩის ფოტოები. ჩერიფ კუაჩი ნასამართლევია, ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. პოლიციამ მათ უწოდა "საშიში და შეიარაღებული" და დაპატიმრების ორდერები წარმოადგინა.მესამე ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ფრანგული მედია, პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ჰამუდ მურადია.

 

 

კომენტარები