პრემიერის ვიზიტი ლატვიაში

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

ლატვიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ანდრის ბერზინშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული გზა, რიგის სამიტის პერსპექტივები და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო.

"მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმეს ანალოგიური შინაარსის დოკუმენტის გაფორმება აფხაზეთთან.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენოს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც თბილისში გაიმართა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი, ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმებს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის; გაიმართა მრგვალი მაგიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები