ტერაქტი პარიზში

CHARLIE HEBDO-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები პარიზის ჩრდილოეთით ალყაში მოაქციეს

Reuters

საფრანგეთის პოლიციამ შენობას, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ალყა შემოარტყა. ტერორისტებმა პარიზის ჩრდილოეთით 35 კილომეტრში, ქალაქ დამატენ ან გუიელში, ერთ-ერთი საწყობის შენობას შეაფარეს თავი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებს მძევლები ჰყავთ, სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დანებებას სთავაზობენ. ისინი კი ამბობენ, რომ სიკვდილისთვის მზად არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები ძმები კუაშიები არიან, რომლებიც Charlie Hebdo-ს რედაქციას თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს. პარიზის დატოვების შემდეგ, დამნაშავეებმა ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს, ასევე ერთი მანქანა გაიტაცეს. პოლიცია მათ დაედევნა, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს და საწყობის შენობას შეაფარეს თავი.

ქალაქის გარშემო ათასობით პოლიციელია მობილიზებული, ჰაერში შვეულმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციის გამო ფრენების განრიგი შეცვალა შარლ დე გოლის აეროპორტმა, რომელიც ოპერაციის ჩატარების ადგილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები