ტერაქტი პარიზში

პირი, რომელსაც მაღაზიაში მძევლები ჰყავს, ძმებ კუაჩების გათავისუფლებას მოითხოვს

გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, აჰმედ კულიბალი, რომელსაც ქოშერულ მაღაზიაში მძევლები ჰყავს აყვანილი, ძმებ კუაჩების გათავისუფლებას მოითხოვს.

დამნაშავემ გუშინ პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო დღეს სულ ცოტა 5 მძევალი აიყვანა და პორტ დე ვენსენში, ქოშერულ მაღაზიაში იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, მან მძევლების აყვანისას 2 ადამიანი მოკლა. დამნაშავეს ახლავს მეგობარი ქალი. სამართალდამცველებმა დამნაშავეების ფოტო გაავრცელეს.

ძმები კუაჩები კი, რომლებმაც სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორციელეს, პარიზის ჩრდილოეთით 35 კილომეტრში, ქალაქ დამატენ ან გუიელში საწყობის შენობაში მძევლებთან ერთად იმყოფებიან. შენობას საფრანგეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დანებებას სთავაზობენ. ისინი კი ამბობენ, რომ სიკვდილისთვის მზად არიან.

ქალაქის გარშემო ათასობით პოლიციელია მობილიზებული, ჰაერში შვეულმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციის გამო ფრენების განრიგი შეცვალა შარლ დე გოლის აეროპორტმა, რომელიც ოპერაციის ჩატარების ადგილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები