ინტერპოლმა ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინტერპოლის საიტზეა მითითებული. იანუკოვიჩის გარდა, ძებნა მის ვაჟზე, უკრაინის ყოფილ პრემიერ აზაროვზე და სხვა მაღალჩინოსნებზე გამოცხადდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ხელისუფლებამ იანუკოვიჩზე ძებნის გამოცხადებისთვის  ინტერპოლს ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში მიმართა. ავაკოვის თქმით, რუსეთი ვალდებულია, უკრაინას გადასცეს იანუკოვიჩი და სხვა პირები, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამასთან, უკრაინულმა მედიამ ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი რუსული სამხედრო კოლონის შემოსვლა არის აღბეჭდილი. ტანკებთან და სატვირთო მანქანებთან ერთად, მის შემადგენლობაში უახლესი რუსული ჯავშანმანქანები ბე-მე-ემ 97-ბიც დააფიქსირეს. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაში უკრაინა დაადანაშაულა.

კომენტარები