ლარის კურსი

ლარის გაუფასურება გრძელდება - ერთი აშშ დოლარი 1,93 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი აშშ დოლარი 1,93 ლარი ღირს, რაც გასული ათი წლის განმავლობაში ლარის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გაცვლით კურსს წარმოადგენს. 

დღეს საქართველოს სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გასული წელს, მართალია, მთავრობამ 1,3 მილიარდი ლარი დახარჯა, თუმცა ეს დეფიციტურ ხარჯვას არ წარმოადგენდა. ყაველაშვილის თქმით, ბიუჯეტის შესრულებას ლარის გაუფასურებაზე არანაირი გავლენა არ აქვს და ის მთლიანად საგარეო მიზეზებით არის გამოწვეული. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, მთავრობამ დეკემბერში ბიუჯეტი მხოლოდ ქაღალდზე შეასრულა და ამით მოსახლეობის შემოსავლები შეამცირა, რადგანაც ბიუჯეტის ხარჯვით ლარის გაცვლითი კურსი დაეცა. მაჭავარიანის შეფასებით, მთავრობამ არასწორი საექსპორტო მიმართულება აიღო, როდესაც რუსეთთან ვაჭრობა წაახალისა, რადგანაც აღნიშნული ბაზარი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, ხოლო ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირთან არ გაზრდილა. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს. 

ლარის გაცვლითი კურსი გასული ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი 2014 წლის 6 დეკემბერს იყო, სწორედ 6 დეკემბერს გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ მოხდებოდა. 

კომენტარები